სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად, თბილისის საქალაქო სამმართველოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სურსათი ამოიღეს ლილოს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტებში.
ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ძეხვეული, სხვადასხვა დასახელების კონსერვი და რძის პროდუქტები დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზება. მოქმედი კანონმდებლობით ვადაგასული სურსათი ექვემდებარება განადგურებას.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის-მონიტორინგის განხორციელებისას ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2-ს გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო დააჯარიმა 53 ბიზნესოპერატორი. გაანადგურდა დიდი რაოდენობით დაავადებული ცხენის ხორცი.
ვადაგასული სურსათი ამოღებულია 36 სავაჭრო ობიექტიდან. გეგმურად შემოწმდა 180 ობიექტი, არაგეგმურად - 62, დაიხურა 2 საწარმო და დაჯარიმდა 1000-1000 ლარით. გადამოწმდა 232 ბიზნესოპერატორი და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 88 მათგანი 400 ლარით. განმეორებითი გადამოწმებისას დაჯარიმდა 3 ბიზნესოპერატორი 1200 ლარის ოდენობით.