კულტურის მინისტრის მოადგილის მარინა მიზანდარის განცხადებით, მაისის პირველ ნახევარში ოშკის სარესტავრაციო პროექტის განხილვა მოხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარინა მიზანდარმა განუცხადა, ამჟამად ოშკის სარესტავრაციო პროექტი შემუშავების პროცესშია და სავარაუდოდ, ოშკზე სამუშაოები მაისის შემდეგ დაიწყება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართველი სპეციალისტები შეეცდებიან იქაც მალე ჩაერთონ, თურქულმა მხარემ კი ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მიზანდარი მიიჩნევს, რომ მანამდე თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც თუ გაფორმდება, ქართველ სპეციალისტებს ფორმატი ექნებათ და სამუშაოებში მალე ჩაერთვებიან.
მარინა მიზანდარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურული ძეგლების პასპორტიზაციას ითვალისწინებს, რომელიც სხვაგვარად არ განხორციელდება. ძეგლების პასპორტიზაციის შედეგად კი იმ ძეგლთა ჯგუფი გამოიკვეთება, რომელსაც სასწრაფოდ შველა სჭირდება.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები იშხნისა და ტაოს გარდა სხვა ძეგლებზეც იგეგმება. ამის შესახებ მას ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ყოფნისას ერზრუმის ძეგლთა დაცვის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა.
"იშხანში შევხვდით ადგილობრივი ძეგლთა დაცვის უწყების წარმომადგენელს, კერძოდ, ერზრუმის ძეგლთა დაცვის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელმაც საუბარში ახსენა, რომ მსგავსი სამუშაოების ჩატარება იგეგმება როგორც ოშკში, ასევე ამ რეგიონის სხვა ისტორიულ ძეგლებზე. ჩამოთვალა რამდენიმე ძეგლი. მათ შორის მახსოვს, რომ ახსენა არტანუჯის კომპლექსი. არტანუჯში არის შემორჩენილი სასახლის, ეკლესიის ნანგრევები და სხვადასხვა ნაშთები. ასევე ქალაქის ძირითადი გალავნის ფრაგმენტები. არ ვიცი ეს პროცესი რას შეეხება. მთელს ნაქალაქევს, თუ მის გარკვეულ ნაწილს", - აღნიშნა ბუბა კუდავამ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას იგივე შეცდომა, რაც იშხანზე მოხდა და ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ქართველი სპეციალისტები.
"რამდენიმე წელია ასევე მიმდინარეობს შავშეთის ციხის არქეოლოგიური შესწავლა. ესეც, სამწუხაროდ, ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. გათხრების შედეგები ერთ-ერთ ჩვენს კონფერენციაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა ოსმან აითექიმმა წარმოადგინა. იგი იმერხეველი ქართველია. შავშეთში არქეოლოგიურ გათხრებს ვანის უნივერსიტეტის ექსპედიცია აწარმოებს", _ აღნიშნა ბუბა კუდავამ.