საქართველოს ხელისუფლება "გაგნებაში არაა" იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სახელმწიფო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გადაცემა "ღია ეთერში", უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა. ბესელიამ თქვა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს.
"რატომ არ მოხდა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რატომ იყვნენ სამხედროები მიტოვებულები, რატომ აარ იყო იქ ხელისუფლებიდან არავინ, რომ მიცვალებულები მაინც გამოეყვანათ და მიწისთვის მიებარებინათ, რატომ შევიდა პატრიარქი გვამების გამოსაყვანად?! გავიგეთ, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, არ ვდავობთ ამაზე, ვიცით, რომ ეს განზრახვა ჰქონდა, მაგრამ თქვენ რომ გამორბოდით და ერთმანეთს ასწრებდით, უმაღლესი მხედართმთავარი რომ გამორბოდა და იქ მშვიდობიანი მოსახლეობა დატოვა, მაშინ რატომ არ აღშფოთდით?!", - მიმართა ბესელიამ კანდელაკს.
უმრავლესობის წარმომადგენლის აღნიშნულ განცხადებას კანდელაკმა "სამარცხვინო და მოღალატეობრივი რიტორიკა" უწოდა. "ეს არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი რიტორიკა. სახელმწიფო რა არის, თქვენ "გაგნებაში არ ხართ", - აღნიშნა კანდელაკმა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით და იქვე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის "ლაქუცში" დაადანაშაულა.
ბესელიამ კანდელაკის აღნიშნულ განცხადებას უპასუხა. მისი შეფასებით, სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ "პრემიერს განზრახული აქვს რუსეთს მოელაქუცოს".