საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სლოვაკეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ნოდარ ხადურმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გააცნო და ინვესტორებს საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
"შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და სურვილი, დაიწყონ ახალი პროექტები, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ტურიზმს. იმედი მაქვს, სლოვაკეთი იქნება ერთ-ერთი პირველი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც საქართველოში სერიოზულ ინვესტიციებს განახორციელებს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა პავოლ სობირკამ.
"საქართველოსთან ამჟამად 13 კომპანია თანამშრომლობს და აქვს ბიზნესინტერესები, თუმცა არის კიდევ ბევრი სხვა კომპანია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა ვითარდებოდეს არა მხოლოდ კერძო სექტორში, არამედ სამთავრობო წრეებს შორისაც. ქართულ მხარესთან ვმუშაობთ კანონმდებლობის სრულყოფაზე, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს გაძლიერდეს ორმხრივი ინვესტიციების დაცვა ჩვენს ქვეყნებში," - განაცხადა სობირკამ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.