აჭარის განათლების მინისტრი მთავრობის ინიციატივას მიესალმება

აჭარის განათლების მინისტრი მთავრობის ინიციატივას მიესალმება

აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თვალაბეიშვილი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს , რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რის შესახებაც ბოლო ხანებში სმენია.

როგორც თვალაბეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აჭარის განათლების სამინისტრო საქართველოს განათლების უწყებას რეგიონში რიცხული მოსწავლეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ამან ძალიან გამახარა, რადგან ყველამ ვიცით, რა რეალობა არსებობს ამ თვალსაზრისით. მართალია, აჭარის განათლების სამინისტრო გარკვეული კატეგორიის მოსწავლეების დასახმარებლად ცალკეულ პროგრამებს ამზადებდა, მაგრამ, ბუნებრივია, ყველას ვერ შევწვდებოდით. ასე რომ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რის შესახებაც ბოლო ხანებში მსმენია. სასკოლო წიგნების შეძენა ბევრ ოჯახს უჭირდა და ეს არ ეხებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს", - აღნიშნა აჭარის განათლების მინისტრმა.

2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა #145-ე სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს.