ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად მიროსლავ ლაიჩაკის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, ასევე, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.
მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა სლოვაკურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ამ ორი მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საქართველოს მზადების თაობაზე.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სლოვაკეთის გამოცდილება, რომელიც სულ რამოდენიმე წელია, რაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდა. ჩვენ ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე და იმის თაობაზე, რომ ასოცირების შეთანხმების პარაფირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალ ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.