პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი: "ევროსაბჭო და სხვა ევროპული სტრუქტურები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს მონდომებით უჭერენ მხარს"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ევროსაბჭო და სხვა ევროპული სტრუქტურები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს ცალსახად და მონდომებით უჭერენ მხარს.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მონიტორინგის ჯგუფთან ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩვენს ურთიერთობას და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს. ევროსაბჭო და სხვა ევროპული სტრუქტურები მონდომებით, ცალსახად და გარკვევით უჭერენ მხარს ჩვენს პოზიციას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციები კვლავ გაიმართოს.

"აღნიშნულ კანონზე უკვე საკმარისზე მეტი კონსულტაციები გაიმართა, თუმცა უკვე ცალსახა ხდება, რომ ჩვენი ოპონენტები დემაგოგიურად რაღაც საბაბებს ეძებენ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.