მაია ფანჯიკიძე და თინათინ ხიდაშელი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

მაია ფანჯიკიძე და თინათინ ხიდაშელი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი მაია ფანჯიკიძე და პარლამენტარი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, დეიმონ ვილსონი საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქართულ მხარესთან ერთად ემსჯელა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზებზე, ასევე იმაზე, თუ რით შეუძლია ატლანტიკურ საბჭოს, დაეხმაროს საქართველოს.

"ჩვენ განვიხილეთ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომ ამ გეგმებში შედის კონფერენციები და შეხვედრები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თინათინ ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია დიდი ხანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან დიდ პარტნიორობას უწევს ქვეყანას როგორც ნატო-სთან ურთიერთობაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ურთიერთობაში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებში.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვთ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. მათი მხრიდან არ არსებობს არანაირი კითხვები, როგორც ჩვენი კოჰაბიტაციაში მყოფი ოპოზიცია სვამს ხოლმე. პირიქით, ისინი ძალიან მოწადინებულები არიან და იმედი აქვთ, რომ გაცილებით უფრო სწრაფი იქნება პროგრესი, ვინაიდან ჩვენ საშინაო დავალებებს დღეს უფრო დიდი ნაბიჯებით ვასრულებთ, ვიდრე ეს ხდებოდა 9 წლის განმავლობაში", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.