რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას 60-ზე მეტი ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების კომპანია შეძლებს.
როგორც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის, ღვინის სააგენტოს ხელმძღვანლის ლევან დავითაშვილის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანლის ზურაბ ჩეკურიშვილის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანის სურვილი 80-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და 4-მა წყლის მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა, მათ უმრავლესობას რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა დადებითი შფასება მისცა.
კირვალიძის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დადებით პასუხს 60-ზე მეტი კომპანია მიიღებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად ხვალ გამოცხადდება და ინფორმაცია ვებ-გვერდზეც დაიდება.
კირვალიძის თქმით, "დღევანდელი მონაცემებით ორმა ქართულმა ღვინის კომპანიამ რუსეთში პროდუქციის ნიმუშები უკვე დაარეგისტრირა, ეს პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დანარჩენი საწარმოებიც დარეგისტრირდებიან".
გარდა ამისა, მიმდინარე კვარტალში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მცირე მარნები საერთაშორისო გამოფენებზე წარდგნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, "საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და დამატებითი ბაზრების მოძიებისთვის".
მისი თქმით, ბოლო თვეების ექსპორტის მაჩვენებლებით ქართული ღვინო წარმატებით გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.