საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე საქართველოს და ისრაელის კულტურის სამინისტროებს მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატიდან აცნობეს, იციკ მოშე გამოდის ინიციატივით, იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მუზეუმში (იად ვაშემი) საპატიო ადგილი დაეთმოს იმ ქართველებს, რომლებმაც ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინეს, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნას "ხასიდე უმოთ აოლამის" კუთხე, რომელიც ქართულ-ებრაული ურთიერთობების უნიკალურობას წარმოაჩენს.
საქართველოსა და ისრაელის კულტურის სამინსიტროებს იციკ მოშემ 8 აპრილთან დაკავშირებით მიმართა, რადგან ამ დღეს ისრაელი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
"ისრაელის ბიზნესმენები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, ძლიერი ისრაელის ამაყი წარმომადგენლები არიან. ისრაელის აქტიურობა უცხოეთში ნიშნავს ძლიერ ისრაელს და ეს არის ერთადერთი ნიშანი ჰოლოკოსტზე გამარჯვებისა. ბიზნესმენებს მოაქვთ სიკეთე, ინიციატივა, ინვესტიციები და ამით აშენებენ ახალ ხიდებს ქვეყნებს შორის. ბიზნეს საქმიანობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით, მეგობარ ქვეყანა საქართველოში. ვუთხრათ ამ ერს, რომ ჩვენმა მეგობრებმა მსოფლიოში არ დაივიწყონ კაცობრიობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშულის ლაქა, არ დაივიწყონ 6 მილიონი ებრაელის ძახილი სიკვდილის ბანაკებში გადარჩენისთვის - `შმა ისრაელ", - განაცხადა მოშემ.
მისივე თქმით, ისრაელის წინააღმდეგ არსებულ ახალ საფრთხეებზე მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს.
"ისრაელი დღესაც წარმოადგენს ფრონტის წინა ხაზს და ცოცხალ ღობეს მსოფლიოს დასაცავად იმ მკვლელი ნაწილისგან, რომელიც ხვალ მსოფლიოსა და ევროპისთვის კატასტროფად იქცევა. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, არ გვაქვს უფლება, ვაპატიოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, სიკეთე მოვუტანოთ სამყაროს, ჩვენი საქმიანობით და ავაშენოთ მეგობრობის მყარი ხიდები. დღეს უნდა გვახსოვდეს 6 მილიონი ებრაელი. უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი "ცოდვა" მხოლოდ ის იყო, რომ ებრაელებად დაიბადნენ", - განაცხადა იციკ მოშემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სპეციალური კუთხის შექმნა საქართველოსა და ქართველ ებრაელთა კავშირს გაზრდის და დიდ გავლენას მოახდენს საქართველო-ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის მომავალ ურთიერთობებში.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები ქართველებმაც გადაარჩინეს. კერძოდ - გრიგოლ ფერაძემ, საბა კლდიაშვილმა და მიხეილ კედიამ.
სწორედ ამიტომ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა ისრაელის კულტურის სამინისტროს მიმართა, იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მუზეუმში საპატიო ადგილი დაეთმოს იმ ქართველებს, რომლებმაც ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინეს.