საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რაიმე ფორმით შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო ძალების ყოფნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა იმის საბაბს, რომ საქართველო მუდმივად მზადყოფნაში იყოს.
"აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო პერიოდში რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებში იმედს აჩენს, რომ ორ ქვეყენას შორის აგრესიული რიტორიკა შემცირდება. აჩენს პატარა იმედს იმისას, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობების იმ ფაზაზე, რაც დაადაბლებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას, მაგრამ დღეისთვის, ასეთი თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა", - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრის განცხადებით, ახალ მთავრობას, წინა მთავრობისგან მემკვიდრებით, სამხედრო სფეროში ინფასტრუქტურის კუთხით პრობლემური მდგომარეობა დახვდა. თუმცა, როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამის გამოსწორების გეგმა დადებულია და ინფრასტურქტურის შექმნა ეტაპობრივად განხორციელდება.