საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართა. გამოკითხეს ბრალდების მხარის მოწმეების ნაწილი.
მკვლელობა 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. ჯანგველაძე ადგილზევე გარდაიცვალა.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პრაქტიკულად, ბრალდების მხარე გადავიდა იმ მტკიცებულებების გამოკვლევაზე, რომელიც უკვე არსობრივად ამტკიცებს გელა უძილაურის მიერ შეკვეთით და ანგარებით ჩადენილ მკვლელობას. შესაბამისად, ეტაპობრივად, ბრალდების მხარე ამ ნაწილში გამოიკვლევს როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე - სხვა ინფორმაციას. მათ შორის ტელეფონის დეტალურ ამონაწერებს, ინტერნეტტრაფიკებს და ა. შ. გადარიცხვებიც კი, ნაწილობრივ, დღეს გამოიკვლია ბრალდების მხარემ. მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო პროცესზე გაგრძელდება. დასტურდება, რომ გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.