"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე ბათუმში ორგანიზაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნას არაობიექტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ოფიციალური უწყების მოსაზრებების დაჯერება ანალიზის უნარის მქონე ადამიანს გაუჭირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოჟორიძემ განუცხადა, ცალსახად შეუძლია თქვას, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია ვალერიან თელიას მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს.
"დასკვნა არადამაჯერებელია და ძნელია მასში მითითებული მოსაზრებები დაიჯეროს იმ ადამიანმა, რომელსაც ანალიზის უნარი შესწევს, მით უმეტეს დაიჯეროს იურისტმა. ვფიქრობ, არაობიექტურობის ცალსახა ნიშნებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია ხელს აფარებს ბატონ ვალერიან თელიას მიერ ჩადენილ დანაშაულს. როგორც დასკვნაშია მითითებული, ვიდეოთვალის ამოღების დროს დაუდევრობით დაზიანდა ჩანაწერი. ჯერ ერთი, მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რადგან, ამ შემთხვევაში აღნიშნულის ნიშნები სახეზე იყო, ჯერ ძიება უნდა დაწყებულიყო და მერე დადგენილიყო, განზრახ დაზიანებას ჰქონდა ადგილი თუ გაუფრთხილებლობას. მეორეც, ისმის კითხვა, მაინცდამაინც ის მტკიცებულება რატომ "დაუზიანდა" პოლიციელს, რომლითაც უკეთ ჩანდა, რა მოხდა სინამდვილეში. მესამეც, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბატონი ვალერიან თელიას მიმართ მინიმუმ დისციპლინური ღონისძიებები გატარებულიყო, რადგან ის მანქანიდან არ გადმოსულა სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით. თუ სამართლებრივი რეაგირების მოხდენა სურდა, თელია გამოიძახებდა პოლიციას და შედგებოდა სამართალდარღვევის ოქმი იგივე საია-ს მძღოლის მიმართ. ის კი გადმოვიდა მანქანიდან, დაპირისპირებაში შევიდა მოქალაქესთან, რაც გავრცელებული მასალით ნათლად ჩანს, მაგრამ ამაზე გენერალურმა ინსპექციამ არაფერი თქვა. ასევე, არაფერი ითქვა მეორე თვალსაჩინო ფაქტზე – კადრებში ჩანს, რომ ვალერიან თელია უკუსვლით მოძრაობს გზაჯვარედინზე, რაც ასევე სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმას აღარ ვამბობ, საია-ს თანამშრომელს რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ანთებული სიგარეტი ესროლა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამი თანამშრომლის ერთხმად მიცემული ჩვენება სამინისტრომ არ გაიზიარა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მომხდარი ინციდენტის დეტალებს და გენერალური ინსპექციის დასკვნას უცხოურ ორგანიზაციებს გააცნობს.
"ჩვენი რეაგირება ამით არ დამთავრდება. ჩვენ ვაპირებთ განცხადების გაკეთებას, პრესკონფერენციის გამართვას. ვფიქრობ, უცხოურ ორგანიზაციებსაც მივაწვდით ინფორმაციას. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, კონკრეტულმა პოლიციელმა რა სახის დარღვევა ჩაიდინა, მთავარია ის, როგორ მოიქცა და რა რეაქცია ჰქონდა დარღვევის გამოვლენის შემდეგ ოფიციალურ უწყებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მივიღეთ პასუხი, რომ უწყება ხელს აფარებს თავის თანამშრომელს", - განმარტა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა.
როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა, ვალერიან თელიამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარ ფაქტზე დღეს დასკვნა გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.