აქვს თუ არა აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს მართვის მოწმობა, ორ დღეში გაირკვევა

აქვს თუ არა აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს მართვის მოწმობა, ორ დღეში გაირკვევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ორ დღეში ელოდება პასუხს, აქვს თუ არა აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას მართვის მოწმობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ქარცივაძემ განუცხადა, შესაბამისი ინფორმაცია შსს-სგან რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა.
"ჟურნალისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ვალერი თელიას საერთოდ არ გააჩნია მართვის მოწმობა. საია ამ საკითხით დაინტერესდა და შსს-სგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. პასუხს ხუთშაბათს ველოდებით, თუმცა ისეთი დასკვნა დადო ჩვენს წარმომადგენლებსა და თელიას შორის მომხდარ ინციდენტზე გენერალურმა ინსპექციამ, რომ დარწმუნებული ვარ, მისთვის მართვის მოწმობის დამზადება არანაირი პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა ქარცივაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას, რომელსაც 28 მარტს საია-ს თანამშრომლებთან შელაპარაკება მოუვიდა, მართვის მოწმობა არ აქვს. ვალერი თელიაც და საია-ს თანამშრომელიც 28 მარტის ინციდენტის დროს ავტომაქანას მართავდნენ.

ამასთან, შს სამინისტრო გენერალური ინსპექციამ დღეს დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 28 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს შეხება.

გენერალური ინსპექცია სამართალდამცველების მიერ "ბათუმის სახლის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერის ამოღებას და ვიდეოფირის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დაუდევრობით მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ სხვა ობიექტიდან ამოღებული ვიდეომასალით დადგინდა, რომ აჭარის შს საამართველოს უფროსის, ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.

საია-ს თანამშრომლები ვალერი თელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.