პორტუგალიაში ვიზიტად მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს კარლუშ მოედაშს და სახელმწიფო და საგარეო მინისტრ პაოლო პორტაშს შეხვდა. შეხვედრებზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა სპექტრი განიხილეს. საუბრის თემას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და კულტურისა და განათლების სფეროებში კავშირების შემდგომი გაღრმავება წარმოადგენა.
მაია ფანჯიკიძე თავის პორტუგალიელ კოლეგას ესაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები.
"შეხვედრებზე საუბარი შეეხო პირველ რიგში ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, მიმოვიხილეთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები. გარდა ამისა, პორტუგალიელი კოლეგები დაინტერესდნენ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობით. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ პოზიტიურ ფაქტს, რომ საქართველოში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. მე ჩემი პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში დავპატიჟე, მათ აქვთ სერიოზული ინტერესები საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ინვესტიციების კუთხით და სავარაუდოდ, როდესაც იგი ჩამოვა მას ჩამოყვება ბიზნესმენთა დიდი ჯგუფი, რომელთაც პირველ რიგში აინტერესებთ სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები. ვიზიტის ფარგლებში მქონდა რამდენიმე ინტერვიუ პორტუგალიურ მედიასთან. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ეს წარმატებული ვიზიტი იყო", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.