არჩილ ხაბაძე:  შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორები ბათუმით დაინტერესდნენ

არჩილ ხაბაძე: შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორები ბათუმით დაინტერესდნენ

ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

ხაბაძის თქმით, ამერიკის ელჩი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, საუბარი შეეხო ინვესტიციებს და, შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორები ბათუმით დაინტერესდნენ.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ასევე, გვქონდა რამდენიმე საკითხზე საუბარი, მათ შორის, ინვესტიციების კუთხით რა აქტივობებია. ავუხსენით, თუ რა მიმართულებით მივდივართ, რომ გვაქვს საინტერესო საინვესტიციო პროექტები. ვისაუბრეთ, რომ შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ და მათი ჩამოსვლა ბათუმსა და თბილისში შეიძლება მოხდეს", - აღნიშა არჩილ ხაბაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსა და რეგიონში არსებულ ტრეფიკინგის პრობლემებს. როგორც ხაბაძემ განმარტა, საზოგადოება არის მომხრე არსებული მეჩეთის გაფართოების, ახლის მშენებლობის საკითხზე ჯერ კიდევ უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობაა.

"გვქონდა ტრეფიკინგის საკითხთან დაკავშირებით საუბარი. ელჩი შეწუხებული იყო იმ გარემოებით, რომ არჩევნებამდე პერიოდში მძიმე სიტუაცია იყო გონიო კვარიათში. მოხარული და კმაყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ დარეგულირებისკენ წავიდა ეს საკითხი და ძალოვნებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. რაც შეეხება მუსლიმ მრევლთან დაკავშირებით, საუბარი იყო უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხთზე. ამ ეტაპზე, წარმატება რაზეც შეიძება გამოითქვას, არის გამჭვირვალობა, გახსნილობა ნებისმიერი საკითხისადმი და ასევე ამ საკითხზეც. დეტალურად ავუხსენი, რომ არის საუბარი მეჩეთის გაფართოების ან ახლის მშენებლობაზე. საზოგადოება არის მომხრე გაფართოების, ახლის მშენებლობის საკითხზე ჯერ კიდევ უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობაა. გარკვეული პერიოდი სჭირდება იმას, რომ პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე", - აღნიშნა არჩილ ხააბძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.