ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში მთავრობის სახლში გაიმართა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საქართველო ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო გახდება. ნორლანდის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დიდი მისია აკისრია, რადგან მუსლიმი მრევლის მოთხოვნა და ტრეფიკინგის პრობლემა რეგიონში მტკივნეული საკითხებია, რომლის მოგვარებაშიც ამერიკის მხარე მზად არის გვერდში დაუდგეს.
"მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო და უფრო დასტაბილურდება საქართველოში, ეს შექმნის ასევე, კარგ შესაძლებლობებს, სიტუაცია უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც რასაკვირველია, არ იქნებიან დაინტერესებულნი მხოლოდ თბილისით, ბათუმით და საქართველოს სხვა მხარეებით. ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ დაინტერესებულია ამ რეგიონით, ვინაიდან გვაქვს მზარდი ინტერესი ეკონომიკური საქმიანობით, ვაჭრობით აზიასთან და ის კორიდორი და დამაკავშირებელი გზა, რომელიც გაივლის ახალ აბრეშუმის გზას, ზუსტადაც რომ ამ მხარეში გაივლის. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მივულოცო თქვენს თავმჯდომარეს ის ახალი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია. ასევე, კარგად მესმის ის სირთულეები, რომელის წინაშეც ის დგას. იქნება ეს მუსლიმი მრევლის ინტერესების გათვალისწინება და ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, რომელიც მტკივნეული საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მზად არის მხარში ედგეს თქვენს მხარეს და თავმჯდომარეს. სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ თავმჯდომარეც ამ პასუხისმგებლობას სრული სერიოზულობით უდგება. მესამეჯერ ვიმყოფები ბათუმში და ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი, ვინაიდან ძალზედ სასიამოვნო ქალაქია", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ნორლანდმა ჟურნალისტების კითხვაზე მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი მუშაობს იმისთვის, იქნეს ნაპოვნი დაბალანსებული, კომპრომისზე დაფუძვნებული გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს. თავისთავად რთული თემაა, მაგრამ მუშაობა რეგიონის ხელისუფლებისა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გამოიღებს შედეგს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.