აფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები და ახლობლები დღეს სახალხო დამცველს უჩა ნანუშასვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ
გარდაცვლილ ასლან მარგოშვილის მამიდამ თამარ მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრაზე სახალხო დამცველის ანგარიშზე ისაუბრეს.
თამარ მარგოშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი მათ დაპირდა, რომ აპრილის თვეში პანკისში თავად ჩავა და იქ მცხოვრებ ჩეჩნებს მოინახულებს. ასევე, იმედი მისცა, რომ პარლამენტში უახლოეს მომავალში მოითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
"ჩვენთვის მთავარია, ჩვენი შვილები არ შერაცხონ ტერორისტებად, რადგან ჩვენ ვართ დაზარალებულები. რაც ყოფილმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო ხრიკად გამოიყენა, ამან ჩვენ ძალიან დაგვაზარალა," - აცხადებს თამარ მარგოშვილი.
როგორც ლაფანყურის ინციდენტის დროს გარდაცვლილ ბაჰაუდინ ქავთარაშვილის დედამ, ასმათ ქავთარაშვილმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ ამ საქმის გამოძიება აუცილებლად მოხდება.
"წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოძიების იმედი არ გვქონდა, ახლა კი უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება და ჩვენი შვილები ტერორისტებად აღარ უნდა მოიხსენიებოდნენ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაცისთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშულია, რომ სპეცოპერაციასთან მიმართებაში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობა იკვეთება.