საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლორთქიფანიძემ განუცხადა, ანგარიშში ასახული განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
"ამ თემაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია. მერჩივნა, გამოეძიებინათ და გამოეკვლიათ ყველაფერი. ამ თემაზე მეც დამკითხეს, ამირიძეც და მაისურაძეც. რა ინფორმაციაც გვქონდა, ყველაფერი ვუთხარით. საპიროსპიროდ ატრიალებენ ყველაფერს და ისე არ იძიებენ, რაც სინამდვილეში იყო. ცდილობენ, რადგან წინა ხელისუფლებაში ვმუშაობდით, სხვა რაღაც გამოიყვანონ და არა ის, რაც სინამდვილეა. თუ დაგვკითხეს და ჩვენებები არსებობს, დაელოდონ ძიებას, რომელსაც ამათი ხელისუფლება ატარებს", - განაცხადა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
ლორთქიფანიძის თქმით, მისი და შს ყოფილი მაღალჩინოსნების, ამირიძისა და მაისურაძის დაკითხვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მოხდა, სადაც მათ უთხრეს, რომ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდათ ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით და გამოძიება კმაყოფილი იყო მათგან ამომწურავი ინფორმაციით.
"რომ დაგვკითხეს, გვითხრეს, კიდევ კარგი გავარკვიეთ, რადგან ჩვენ სხვანაირი ინფორმაცია გვქონდა და ახლა სხვანაირად იკვეთებაო. მე როგორ უნდა ჩამომეყვანა და დამეხოცა ჩეჩნები? მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო. 5 წუთიდან 5 საათამდე გავწელე დრო - თვითონვე ჩეჩნები და ქისტები მივუყვანე, რომ გაერკვიათ სინამდვილეში, რა იყო და როგორ იყო", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჩეჩნების საქართველოში ჩამოყვანაში ყოფილ თანამშრომლებთან - ამირიძესთან და მაისურაძესთან ერთად მონაწილეობდა.
ლორთქიფანიძემ კომენტარი გააკეთა, ასევე, ანგარიშში არსებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს ბინები დაუქირავეს და იარაღი გადააფორმებინეს შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც მათ მფარველობდნენ.
"რა ბინების დაქირავება? მე როგორ უნდა დამექირავებინა. პანკისელები იყვნენ ზოგიერთები, რა ბინის დაქირავება უნდოდათ? ვისაც პასპორტი აქვს, დღესაც შემოდიან ჩეჩნები საქართველოში - ქირაობენ ბინებს. მე რად მინდოდა ბინების დაქირავება. იარაღის გაფორმება ყველას შეუძლია, ვისაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა აქვს, ეს იქნება ქისტი თუ აზერბაიჯანელი. ეს ყველაფერი აბსურდულია. ან თვითონ არ რცხვენიათ? სპეციალისტებად და განათლებულ ადამიანებად მოაქვთ თავი. თუ როგორ ქონდათ გაფორმებული იარაღი იმ ადამიანებს, ვისზეც ანგარიშშია საუბარი, შეუძლიათ იარაღის გაფორმების სააგენტოში გაარკვიონ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაღუპული ჩეჩნების ცხედრების გადაცემის საკითხს, რომელიც როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს გლდანიდან გადასცეს, - გია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ცხედრების დაჩქარებით გადაცემისთვის მან ბევრი ენერგია დახარჯა.
"ცხედრების გადაცემა იმ პერიოდში ასე მალე არ შეიძლებოდა. ოჯახმა რომ თქვა, ვიცანი გარდაცვლილიო, - იმას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და ათასი პროცედურა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება. მუსულმანებს წესი აქვთ, რომ სწრაფად უნდა დაკრძალონ. წარმოშობით პანკისიდან ვარ, დამიკავშირდნენ და მთხოვეს - იქნებ ჩვენს ტრადიციას ხელი შეუწყოთო. მე ვუშუამდგომლე შინაგან საქმეთა მინისტრთან და ხელმძღვანელობასთან, ვთხოვე, შეიძლება კანონდარღვევას ჩავდივართ, მაგრამ დავდგები შუამავლად-თქო და ჭირისუფალს თავიანთი გარდაცვლილები მივცეთ-თქო. მაშინ ვთქვი, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობას არ ავირიდებ-თქო. ჭირისუფალსაც ავუხსენი, რომ ასე მოკლე დროში არ შეიძლებოდა ცხედრების გადაცემა და კეთილი ნება გამოხატეს შს სამინისტროს ხელმძღვანელებმა, - ჩემი თხოვნა გაიზიარეს და მიცვალებულებს გატანთ-თქო. როდესაც მოვიდნენ, მე თვითონ ვუშოვე მანქანა, როგორც კი მოვიდნენ, მიცვალებულები გავატანეთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არ იცის, მოხდა თუ არა გლდანის ციხიდან მიცვალებულების გადაცემა, როგორც ეს ომბუდსმენის 2012 წლის ანგარიშში წერია.
ასევე, ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის ოპერაციაზე ინფორმაცია ნაჩქარევად გაავრცელა.
"ჩემი პირადი აზრია, რომ ბევრი რაღაც შსს-მ ნაჩქარევად გაავრცელა. კადრებიც ნაჩქარევად აჩვენეს და ბევრი ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს", - განაცხადა ლორთქოფანიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს - ჩოხელსა და წიკლაურს, რომლებზეც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი ჩეჩენთა ჯგუფის ინსტუქტორები იყვნენ და ოპერაციის დროს საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მათი ინსტუქტორობა სისულელეა.
"არჩევნების მერე პირველ კომენტარს ვაკეთებ. ლოგიკას ვერ ვხედავ, რაში სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას იმის გაკეთება, რაც ანგარიშში წერია. კიდევ ერთხელ ვამბობ - კონტრდაზვერვაში როდესაც ვიყავი დაკითხვაზე, დეტალურად მოვყევი ყველაფერი. საქართველოდან წასული ვიყავი და სიმართლის სათქმელად დავბრუნდი - ანგარიშშიც ასახულია პოლიტიკური განცხადება. სიმართლე არის ის, რომ ის ხალხი ალბათ საქართველოში იყო ჩამოსული - აბა ხომ არ გაჩნდებოდნენ, ჩამოსულები იყვნენ თავიანთი პასპორტებით, ჩვეულებრივად. ახლაც ხომ შედის და გამოდის ხალხი საზღვარზე ჩვეულებრივად, ვინც შევა და გავა, რადგან ჩეჩენია, ყველა ხომ არ უნდა დაიჭირო? ჩამოვიდნენ, მათში ჩანერგილი იყო რუსეთის სპეცსამსახურის ორი აგენტი, რომლებმაც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთეს, რომელთა მიზანი იყო, როგორმე გადასულიყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც მათ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ელოდებოდნენ და უნდა მომხდარიყო საზღვარზე შეტაკება, ერთი 7 თვით ადრე ალდამოვი წაიყვანეს რუსეთში და აკეთებინებდნენ განცხადებას - პანკისის ხეობაში ტერორისტები არიანო, მერე იტყოდნენ - ჩვენ რომ ვიძახდით ტერორისტები არიანო, ხომ დაგიმტკიცეთო.
ეს იყო რუსების მიერ კარგად ორგანიზებული სპეცღონისძიება, რომლებმაც ისარგებლეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ყველა სტრუქტურა არეული იყო", - განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ.