"ბორჯომთან" დაკავშირებით პრობლემები არ არის, უბრალოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი "ბორჯომის" წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ, რომელთაც განუმარტეს, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი
"როგორც მათ გვითხრეს, რუსეთის მხარეს აქვს დამატებითი კითხვები ჭაბურღილებთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი მოგვარებადია", – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ ჯერჯერობით, "ბორჯომს" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ბორჯომთან" დაკავშირებით რაღაც კითხვები გაჩნდა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ განმეორებითი სინჯები ჩატარდეს", - განაცხადა რუსულ პრესასთან საუბრისას "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა.
რუსეთის სანიტარული სამსახურის ინსპექტორთა ჯგუფი საქართველოს დღეს მეორე ვიზიტით ეწვევა. ისინი აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მდებარე რამდენიმე კომპანიას შეამოწმებენ.
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 40-მდე სახეობის ღვინოს რუსეთის ბაზარზე შესვლის ნება მისცა.