შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ავტომობილი აუქციონზე გაიყიდა. აუქციონზე ხელმეორედ გატანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილების გაყიდვის ვადა დღეს, 14:00 საათზე ამოიწურა.
გაყიდული ავტომობილებიდან სამი BMW-ს მარკისაა. BMW M5 51 587.00 ლარად გაიყიდა. მისი შეძენის მსურველი მხოლოდ ერთი პირი იყო.
BMW X5-ის შესაძენად 2 პირი მონაწილეობდა. ცხრა ბიჯის შემდეგ ავტომობილი 40 077.50 ლარად გაიყიდა. BMW X5-ის საწყისი ფასი 33 957.5 ლარი იყო.
მეორე BMW X5-ის შესაძენად ასევე ორი პირი მონაწილეობდა. ხუთი ბიჯის შემდეგ ავტომობილი 39 261.5 ლარად გაიყიდა. BMW X5-ის საწყისი ფასი 350691.5 ლარი იყო.
მეოთხე ავტომობილი, რომელიც დღევანდელ აუქციონზე გაიყიდა MERCEDES-BENZ 320-ია. ის 9683.65 ლარად გაიყიდა, საწყისი ფასი კი 9493.65 ლარი იყო.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირადღირებული ავტომობილი აუქციონზე 26 მარტს ხელმეორედ გაიტანა. პირველი აუქციონი 6 მარტს დასრულდა და მასში მონაწილეობა არავის მიუღია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს არ გაიყიდა ხელახალ აუქციონზე გაიტანენ.