მომღერალი სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ნიჟარაძემ განაცხადა, ჟურნალში დაიბეჭდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ სტატია , სადაც არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.
"სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გახშირდა მსგავსი სტატიები. სწორედ იმიტომ, რომ აქამდე ხმას არ ვიღებდი, თავს გავიდნენ მსგავსი ჟურნალები, სრულიად სიცრუეს ავრცელებენ და ეს სიცრუე გახდა მათი უმთავრესი საშუალება ჟურნალის გაყიდვის. ყველა ეპიზოდი რაც ამ ჟურნალის მიერ დაბეჭდილ სტატიაში არის აღწერილი, არის სიცრუე და არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. მე მაქვს ჩემი სიმართლე და სწორედ ამიტომ მივდივარ სასამართლოში, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე", - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.
მომღერალის უფლებებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე დაიცავს. გოგიტა გაბაიძის თქმით, სარჩელი უახლეს დღეებში მომზადდება. მისივე თქმით, სასარჩელო მოთხოვნა იქნება, რომ იგივე ფორმით მოხდეს უარყოფა და ბოდიშის მოხდა. ასევე კიდევ ერთი სასარჩელო მოთხოვნა იქნება მორალური ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც გაბაიძის თქმით, შეთანხმების შედეგად დადგინდება. სოფო ნიჟარაძის განცხადებით, ის მორალური ზიანისთვის განკუთვნილ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
"2013 წლის 25 მარტს ჟურნალ "რეიტიგში" გამოქვეყნდა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატია, რომელიც სოფო ნიჟარაძეს ეხებოდა. ჟურნალისტმა გვარად მელაძემ გაავრცელა ცნობები, რომელიც ყოველგვარ მტკიცებულებს მოკლებულია. ჟურნალისტის აღნიშნული საქციელი გაცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს. დღეს ვიმყოფებოდი რეიტინგის რედაქტორთან მანანა ღოღობერიძესთან, მინდოდა რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო სასამართლოს გარეშე და ჟურნალისტს გაეკეთებინა ის, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ იგივე ფორმით უარყოფა გაეკეთებინა აღნიშნული ჭორების და ამავე დროს მომხდარიყო ზარალის ანაზღაურებაც. მაგრამ "რეიტინგმა" განაცხადა, რომ ისინი რაღაც ფორმით დაბეჭდავენ და უარყოფენ, მაგრამ ბოდიშს ვერ მოიხდიან, რადგან ასეთი რამ ხშირად ხდება და სხვა ჟურნალისტებსაც დაუბეჭდავს თურმე სტატიები და სოფო ნიჟარაძეს ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.