ომბუდსმენმა

ომბუდსმენმა "ბანკი ქართუს" უფლებების დარღვევა ეროვნული ბანკის მხრიდანაც დაადგინა

სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო პერიოდში "ბანკი ქართუს" უფლებების დარღვევა ეროვნული ბანკის მხრიდანაც დაადგინა. ომბუდსმენი ამ კონტექსტში ბანკ "ქართუს" დაუსაბუთებლად შემოწმებასა და ამ პროცესის უვადოდ გაგრძელებაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა "ბანკი ქართუს"-ს გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებისა და აღნიშნულ საქმეში არსებული მასალების შემოწმების შედეგად, მიიჩნია, რომ ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 19 ოქტომბრის №767 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისას და გამოცემისას დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ამ თემას საკუთარ ანგარიშში სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს და ასკვნის, რომ ეროვნულმა ბანკმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებების) მიღებისას დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სახალხო დამცველმა დააფიქსირა, რომ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ზომები, რომლებიც პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას იწვევს, არასათანადოდ დასაბუთებულია, რაც შეუსაბამოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპთან.

სახალხო დამცველმა "ბანკი ქართუს" დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით რეკომენდაციით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ეცნო და ახალი გადაწყვეტილება მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიეღო.
ამასთან, იმ სახელმწიფო ორგანოთა შორის, რომლის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების საფუძველზე წინასაარჩევო პერიოდში უფლებათა შელახვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროც მოხვდა.

სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოჩენილ უარყოფითი ტენდენციებთან დაკავშირებით, რომლებიც ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფაზე მიუთითებს, სახალხო დამცველი ცალკე, სპეციალური ანგარიშსაც მოამზადებს.