ყოფილი "ლეიბორისტები" "მემარცხენე ალიანსს" ქმნიან და პირველ ყრილობას 1-ელ მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლეიბორისტული პარტიის" ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განუცხადა, "მემარცხენე ალიანსი" ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ყრილობაზე 400 სტუმარია მიწვეული. მათ შორის ხელოვნების მოღვაწეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
"400 სტუმარი გვეყოლება. მათ შორის ის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც "მემარცხენე ალიანსის" დაფუძნებისთვის ხელმოწერები გააკეთეს. დღესვე გავუგზავნით მოსაწვევებს დიპლომატიურ კორპუსს",-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
"მემარცხენე ალიანსის" პრიორიტეტებზე შატბერაშვილს არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძირითად გუნდში მის გარდა კახაბერ ძაგანია, გაგა მთვარელიძე, დავით ვერძეული, პაატა ჯიბლაძე და კონსტანტინე გუგუშვილი იქნებიან.
შატბერაშვილის ინფორმაციით, ყრილობაზე დასწრების მოსაწვევებს შალვა ნათელაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს.