ლაფანყურის მოვლენებში შესაძლოა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს

ლაფანყურის მოვლენებში შესაძლოა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს

ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, რომელშიც კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციაა გამოყენებული, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.
"საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი და ჩრდილო კავკასიურის წარმოშობის მებრძოლებიო ჩამოვიდნენ.
"ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ მათ იარაღს, აძლევდნენ მართვის მოწმობებს, სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს. სახალხო დამცველს მიაწოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ასლამ მარგოშვილის სახელზე, საქართველოს შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, "სტეჩკინის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით. რაც ამ ოპერაციასთან საქართველოს ძალოვანი უწყებების კავშირს მიანიშნებს", - აღნიშნულია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ჩეჩენი მებრძოლებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები წვრთნას გადიოდნენ თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე.
"ჩეჩენი მებრძოლები დაყვეს ჯგუფებად. ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა ომებში დიდი გამოცდილების მქონე ჩეჩენი მეომრები. 2012 წლის ზაფხულში, ევროპიდან პანკისის ხეობაში ჩეჩნების დიდი ჯგუფის ჩამოსვლას პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ადასტურებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველი, ინფრომირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.
"2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს
გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასებები გამოიწვია.
ჩეჩენი მებრძოლები ითხოვდნენ ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებულ ე.წ. კორიდორის მიცემას მათთან კონტაქტში მყოფ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან. შსს-ს თანამშრომლები ჩეჩენ მებრძოლებს აძლევდნენ სხვადასხვა დაპირებებს და ასახელებდნენ ჯგუფის გადასვლის სხვადასხვა თარიღებს. ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან", - აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურში ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი. ისინი ლაფანყურის ხეობაში, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი "პიკაპებით" შევიდნენ და თან შეიტანეს ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ჩეჩენი
მებრძოლები ელოდებოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლის შესახებ.
"კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, საქართველო–რუსეთის
საზღვრისკენ ჯგუფის შესაძლო გადასვლის აღკვეთის მიზნით, ლაფანყურის
სპეცოპერაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველო–რუსეთის საზღვრის
დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და
სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს.
გამოკითხულთა ვარაუდით, ამ დესანტის მიზანი იყო ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა. ამის პარალელურად, ლაფანყურში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების შეიარაღებული ჯგუფი ითხოვდა შეპირებული "კორიდორის" მიცემას და საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმართულებით გადასვლას. ბოლო მომენტში საქართველოს შსს-მ "კორიდორის" მიცემაზე უარი განაცხადა და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვა იარაღის ჩაბარება და უკან პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება. შსს წარმომადგენელთა ამ მოთხოვნამ დაძაბა ურთიერთობა ჩეჩენ მებრძოლებსა და საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს შორის. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები უკვე აღარ ენდობოდნენ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს და ამის გამო მათ მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ დაძაბული ვითარების განმუხტვისა და ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკების მიზნით შსს-ს თანამშრომლებმა შუამავლებს – ჩეჩნებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს მიმართეს. ჩეჩენმა მებრძოლებმა შუამავლებს იარაღის ჩაბარებაზე უარი განუცხადეს. უარის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.
აქვე წერია, რომ ლაფანყურის ოპერაციისას გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ.
"წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურში დაბანაკებული ჯგუფის ქართველი წევრების მოვალეობაში შედიოდა ჯგუფის სამედიცინო მომსახურება, მეგზურობა დაღესტნის საზღვრამდე და ინსტრუქტაჟი. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მისი შვილი წვრთნას გადიოდა შავნაბადას ბაზაზე, ხოლო სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, წიკლაური და ჩოხელი, იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები", - აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენის წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ავიაცია. ავიაციამ გაუხსნა ცეცხლი ჯგუფის წევრებს. ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა შვიდი ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაგანაც სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. წყაროს ცნობით, ამ ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩა 9 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც, წყაროსვე ცნობით, სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.
ამასთან, სახალხო დამცველი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს, რომლებიც შემდეგ გლდანის ციხის ტერეიტორიიდან გადასცეს.
"გარდაცვლილი მარგოშვილის და ქავთარაშვილის მშობლებისა და ბაღაკაშვილის ნათესავის განმარტებით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილე
გ.ლორთქიფანიძე და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი ს. ამირიძე მხოლოდ იმ
პირობით დათანხმდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის ცხედრების
გადაცემას, თუ გარდაცვლილებს დაკრძალავდნენ იმავე ღამეს: დაკრძალავდნენ
ჩუმად, დაკრძალვის ტრადიციული რიტუალის გარეშე და ოჯახის წევრებთან
სამძიმარზე არ უნდა მისულიყო ხალხი. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები
იძულებული შეიქნენ, დათანხმებულიყვნენ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების
ამ მოთხოვნებს. 3 სექტემბერს, გვიან ღამით, გარდაცვლილთა ცხედრები გამოასვენეს
სასჯელაღსრულების გლდანის დაწესებულების მორგიდან და გადასცეს ჭირისუფალს. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს
მისცეს. დაკრძალვას დაესწრნენ შსს-ს მაღალჩინოსნები. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სხვა ჩეჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს აეროპორტის ტრასის სიახლოვეს მდებარე ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე. მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრებს კარგა ხანს არ გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა მშობლებისა და მათი ნათესავების
ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილემ გ. ლორთქიფანიძემ მათ
სთხოვა, რომ თუკი გამოჩნდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცოცხლად
გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, ისინი დაკავშირებოდნენ მას და იგი იღებდა ვალდებულებას ამ მებრძოლების საზღვარზე უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ.
"ეს ჯგუფი მოგვიანებით მართლაც შსს-მ გააცილა ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე. ჩეჩენი მეომრების ჩამოყვანამ, მათთვის მიცემულმა დაპირებებმა, შემდგომ დაპირებების შეუსრულებლობამ, მათი ასეთი ფორმით განადგურებამ და შემდეგ შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ გარდაცვლილთა ცხედრებისა და
გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ–ჩეჩნურ
ურთიერთობებს", - აცხადებს ომბუდსმენი, რომელიც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდოდ იკვეთება 151-ე (მუქარა) და 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ობუდსმენის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს
2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან მომხდარ
ფაქტს.
სახალხო დამცველი, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.