საქართველოს ვიცე პრემიერმა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ ლევან კობიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრების დატოვების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კობიაშვილის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და ფეხბურთის ფედერაცია უნდა გამოფხიზლდეს.
ამასთან, კალაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი ფეხბურთელის ამბავს გულშემატკივარი სოციალური ქსელის მეშვეობით იგებს:
"ლევანის სახით კიდევ ერთი, დიდი დანაკლისი ეყოლება საქართველოს ნაკრებს. იყო წარმატებული, ღირსეული პიროვნება და, უბრალოდ სამწუხაროა, ასეთი წარმატებული ფეხბურთელების ამბავს "ფეისბუქის" საშუალებით იგებს გულშემატკივარი, რომ ისინი ნაკრებიდან მიდიან. ვფიქრობ, ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენ, რადგან ჩვენ არ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ემსახურებოდნენ ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს და არაერთი სიხარული მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრებისთვის, ასე არ უნდა ტოვებდნენ საქართველოს ნაკრებს",- აღნიშნა კალაძემ.
ლევან კობიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გაზეთმა "ლელო" ფეხბურთელის მიერ "ფეისბუქით" გაკეთებული მიმართვა გავრცელა.
"ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან.
საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე როგორც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს. ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში.
სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივრის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა.
წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა", - წერს კობიაშვილი.
მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
"ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში", - ნათქვამია ლევან კობიაშვილის მიმართვაში.