პრეზიდენტი კვლავ არ აწერს ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელჩების ხუთ კანდიდატურას, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია ხუთ ქვეყანაზე, კერძოდ გაერო-ში საქართველოს ელჩზე, ევროკავშირის ქვეყნებიდან გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში, ხოლო მეხუთე ქვეყანა არის ჩინეთი. დავით ზალკალიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში კვლავ უხდებათ ამ თემაზე საუბარი და შეხსენება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ ყველა ბრიფინგზე გვიხდება ამ თემის გარშემო მსჯელობა. როგორც ვიცით, ქვეყნისათვის ელჩის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის განხორციელებსი თვალსაზრისით", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ელჩის როლი მნიშვნელოვანია თუნდაც გაერო-ში რეზოლუციების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორც ზალკალიანი აცხადებს, ვილნიუსის აღმოსავალეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ელჩის გარეშე ყოფნა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, განიხილონ და დროზე მოხდეს ელჩების კანდიდატურის წარდგენა პარლამენტში და ეს არ უნდა იყოს არანაირი ვაჭრობის საკითხი. მიუღებელია ელჩების თემაზე მიბმა სხვა რაიმე საკითხის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.