თურქული გამოცემა HurrietDailyNews უილკო ვან პერჰენის სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი – უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულმა ძეგლებმა პარჰალმა და ოთხთა ეკლესიამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება.
იუსუფელის კაშხალი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება. თუმცა, კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ, ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს, - წერს სტატიის ავტორი.