ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებს ტოვებს. ამის შესახებ ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ქართველი ფეხბურთელის მიმართვას ავრცელებს .
"ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან.
საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე როგორც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს. ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში.
სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივრის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა.
წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა", - წერს კობიაშვილი.
მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
"ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში", - ნათქვამია ლევან კობიაშვილის მიმართვაში.
ეს მიმართვა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბოლო სანაკრებო მატჩი კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის ნოემბერში ჩაატარა და ეს შეხვედრა მის სანაკრებო კარიერაში მეასე იყო.