საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის პირველი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა .
მისი თქმით, გამოძიებას ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიებას აქვს საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია ამა თუ იმ გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით.
"მე მინდა იყოს სიცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს გამონაკლისს არც ერთი პირის მიმართ, რომ თუ მან რაიმე იცის, არ იქნეს დაკითხული რომელიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვა ჩვეულებრივ რიგით მოქალაქესაც. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდის იქნება ან დაკითხული იქნება თუ არა პრეზიდენტი, ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტია. გამოძიება ამ საკითხს წყვეტს ორი კრიტერიუმის საფუძველზე: 1. თუ მას გააჩნია საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით; 2. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ მისი დაკითხვა არის მიზანშეწონილი, რასაც სამართლებრივ ენაზე დისკრეცია ჰქვია. მე შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურის მიერ ნაწარმოებ გამოძიებებში ნამდვილად მოიპოვება რამდენიმე ფაქტი, სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა და ცოდნა ამა თუ იმ გამოსაძიებელ საკითხთან იკვეთება. პირველი საფუძველი არის. თუმცა, ამის შესახებ მიღებული არ არის გადაწყვეტილება", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილის თქმით, ტელეკომპანია "იმედის" საქმე ერთ-ერთია, სადაც პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, პრეზიდენტის ინფორმირებულობა ან შემხებლობა იკვეთება. "არსებობს სხვა საქმეც, სადაც გამოძიებისთვის არსებული მონაცემებით, იკვეთება მისი შემხებლობა, შესაძლო დაკითხვის საჭიროებაც", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
ამასთან, კბილაშვილის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზეც დაიკითხოს. "ორიოდე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდნენ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ჯეროვანი გამოძიების წარმოებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია. აქამდე, წინა ხელისუფლება ეწეოდა ე.წ. რეზინის გაწელვის პოლიტიკას, ანუ გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისთვის და 4 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ იყო დამდგარი. ჩვენს წინაშე იყო კონკრეტული საკითხი დასმული, კერძოდ: აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯეროვნად შეაფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გასცეს კითხვას პასუხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა თავმჯდომარემ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ ეს საკითხი იქნება გამოძიებული. იქნება გამოძიებული ობიექტურად. ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი და შევუდგეთ გამოძიებას. ეს თემა ვარაუდის დონეზე არ გამორიცხავს ვინმეს და მათ შორის პრეზიდენტის დაკითხვასააც", - განაცხადა კბილაშვილმა.