"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული და დამტკიცებულია, მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენაზე ბრუნდება. ამასთან, პარლამენტში უკვე დარეგისტირდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტიც, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის საკითხს განსაზღვრავს.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის უკან - მეორე მოსმენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება იმ ახალმა წინადადებებმა განაპირობა, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით წამოვიდა. საუბარია საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევაზე, რომელთა დამტკიცებაც პარლამენტის პრეროგატივა იქნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დადგება საკითხი, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს. აღნიშნული წინადადება დღესვე პარლამენტის ბიუროს წარედგინება, ხოლო შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მისივე ცნობით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ მუხლს ეხება. სარეგლამენტო ცვლილებების ავტორი თავად ხმალაძეა და ის აღნიშნული ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დამტკიცების საკითხს, ამ მიმართულებით უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია: - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრი პარლამენტის მიერ 2/3-ის უმრავლესობით აირჩევა, თუმცა 2/3-იანი ქვორუმი მათი არჩევის პირველ ტურში მოქმედებს. როგორც ხმალაძე განმარტავს, კენჭი ყველა წარმოდგენილ კანდიდატს ეყრება და ვინც ხმათა 2/3-ს ან მეტს მიიღებს, არჩეულად ჩაითვლება. თუკი პირველ ტურში ყველა კანდიდატის არჩევა ვერ მოხდება, აურჩეველ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება და მათგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - ვინც ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს, არჩეულებად ჩაითვლებიან. ამასთან, კანონით შემოდის პირობა, რომ პარლამენტის მიერ ასარჩევთაგან სულ მცირე ორი კანდიდატი ხმათა 2/3-ით უნდა იყოს არჩეული. ხმალაძის თქმით, ეს ორი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური იქნება მანამ, სანამ პარლამენტი ამ ორ ადგილზე პირებს ხმათა 2/3-ით არ აირჩევს.
"ეს ორი ადგილი არავის კვოტა არ არის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არც უმრავლესობას და არც ოპოზიციას არანაირი კვოტა არ ექნება. კანდიდატების წარდგენა მოხდება არა უმრავლესობის ან ოპოზიციის მხრიდან, არამედ არასამთავრობო სექტორის მხრიდან და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს აირჩევს პარლამენტი", - აღნიშნა ხმალაძემ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ნაწილს, რომელიც საბჭოს მოსამართლე წევრებს ეხება და რომელთა დამტკიცებაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ხორციელდება, ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით არაფრის შეცვლა არ იგეგმება და კანონი იმგვარად ამოქმედდება, როგორც ამას მეორე მოსმენით მიღებული პროექტი ითვალისწინებს. კერძოდ, კანდიდატებს მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთაგან აირჩევს, არჩევა ფარული კენჭისყრით, 2/3-ის უმრავლესობით მოხდება, ხოლო კანდიდატურის წარდგენის უფლება ნებისმიერ მოსამართლეს მიეცემა.
ხმალაძის ცნობით, "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის და მასთან ერთად რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიღება პარლამენტში მომავალი კვირის ბოლომდე მთლიანად დასრულდება.