სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოლო დროს რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე მსჯელობის განახლებას მიუღებლად მიიჩნევს, - პატრიარქის აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, ჰელსინკში პატრიარქის გამგზავრებამდე, მისმა მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.
"ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.