საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროპის საარბიტრაჟო პალატასთან ერთად, არბიტრაჟის განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ასოციაციიდან აცნობეს, ხვალ დილიდან სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ევროპის საარბიტრაჟო პალატის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "არბიტრაჟის პერსპექტივები საქართველოში; არბიტრაჟის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო კონვენციების შესრულება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში".
კონფერენციის მიზანია, საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის მიმოხილვა და მისი განვითარების შემაფერხებელ პრობლემებზე მსჯელობა. კონფერენციის ფარგლებში მოხდება იმ საკანონმდებლო ინიციატივების გაჟღერებაც, რაც ბიზნესსაზოგადოებისა და ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმატებული არბიტრაჟის ფორმირებას და განვითარებას. ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მიაწვდიან ინფორმაციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არბიტრაჟის განვითარების ისტორიისა და თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის ტრიბუნალის თავმჯდომარე იოჰან ბიე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის პრეზიდენტი გენადი პამპუხა, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები.