კახა კალაძე:   იგეგმება

კახა კალაძე: იგეგმება "შაჰდენიზის" გაფართოება, რაც საქართველოში გაზის ტარიფზე აისახება

სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებს.  როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა, საუბარი იყო ისეთ პროექტებზე როგორიც არის აგრი, შაჰდენიზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. 

"იგეგმება "შაჰდენიზის" გაფართოება, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად საუბარია გაზის მოცულობის 16 მილიარდ კუბამეტრამდე გაზრდაზე და გამომდინარე იქიდან, რომ შაჰდენიზის პროექტიდან საქართველოში გაზის 5% რჩება, გაფართოების შემთხვევაში საქართველოში გაზის მოცულობის ძალიან დიდი ნაწილი დარჩება. მომავალში ეს ტარიფებზეც აისახება", - განაცხადა კახაკალაძემ.

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაში - "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" – GIOGIE-2013, მონაწილეობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს; კონფერენციას ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექსპერტები.