26 მაისს ორი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც სახურავზე აღმოაჩინეს, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ რომელ ქვეყანაში არ ხდება ასე?!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენ ორი ადამიანს – მათ შორის ერთ პოლიციელს კი ბურჯანაძის ესკორტმა გადაუარა. ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, 26 მაისს ძალადობის ინიცირება დემონსტრანტების მხრიდან მოხდა.
"ძალიან ცუდია, რომ ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი კანონები და სიმბოლოები. თუ ვინმეს უნდა მძევლად აიყვანოს ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დროშა ათრიოს ფეხქვეშ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის გამომწვევი, მაგრამ ნუ ვაქცევთ სიმბოლოებად იმას, რაც სიმბოლო არ არის. ყველა ქვეყანაში სახელმწიფო უზრუნველყოფდა იმას, რომ ეროვნული დღესასწაული ჩატარებულიყო. სხვა საკითხია ძალის გადამეტება. ორი ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის გამო, რაც დოკუმენტურად დადასტურდა, დანარჩენი, ვინც დაიღუპა – 2 ადამიანი – ბურჯანაძის ესკორტმა გადაუარა. 7 ნოემბერს ბევრად უფრო მასშტაბური შემთხვევა იყო, თუმცა არავინ დაღუპულა. 26 მაისს შედარებით პატარა აქცია იყო, ძალიან პროვოკაციული, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა. ბოდიშს ვიხდი – რომელ ქვეყანაში არ ხდება?!", - განაცხადა სააკაშვილმა.