ვიცი, რომ ბესო სურმავა იყო მათიანი და შიგნით ჰქონდათ პრობლემები, - ამის შესახებ გადაცემა "ღია ეთერში" პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ სურმავას აშანტაჟებდნენ და ამის მასალები პროკურატურაში არსებობს, გამოაქვეყნონ.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ფარული ჩანაწერების გაშვება სისულელე და შეცდომა იყო და სწორედ ამიტომ შევიდა პარლამენტში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონი. სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა გაუშვა ჩანაწერი, როდესაც არსებობს საფრთხე, მაგალითად რუსეთის სპეცრაზმის ჩამოსვლისა, სხვა ტიპის მასალების გაშვება კი სისულელეა.
"ჩანაწერების გაშვება სისულელე იყო, იმიტომ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და სწორედ ამიტომ შევიტანეთ კანონი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ინტერესდებოდა თუ არა პრეზიდენტი იმ ფარული ჩანაწერებით, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებითაც ხორციელდებოდა,სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის ვინ არის მეგის ქარდავა.
"პროკურატურა ამბობს, რომ აქვს ფაქტები, როდესაც ადამიანებს თავზე ამას უშვებოდნენ – გამოაქვეყნონ!. გვაქვს ფაქტები ორგანოებით ვაჭრობისო, - თურმე ამაში სანდრა იყო ჩარეული. გამოაქვეყნონ, სანდრა ვის რა ორგანოებს ჭრიდა, მაინტერესებს. თავი მგონია აბსურდის თეატრში. ტყუილი კომუნიკაციის ინსტრუმენტი გახდა. არ შეიძლება "ასავალ-დასავალის" ენით ლაპარაკობდეს მთავარი პროკურორი", - განაცხადა სააკაშვილმა.