მიხეილ სააკაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში მქონდა მომზადებული იგივე ცვლილება, ოდნავი ნიუანსებით

მიხეილ სააკაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში მქონდა მომზადებული იგივე ცვლილება, ოდნავი ნიუანსებით

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ის საკანონმდებლო ორგანოში იგივე პროექტის ინიცირებას აპირებდა. 
როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მათ შესაბამისი ინიციატივა მომზადებულიც ჰქონდათ და პარლამენტისთვის მიმართვას გუშინ საღამოსვე გეგმავდნენ.
"თუ ეს საკითხი ჩავარდებოდა, მქონდა მომზადებული ზუსტად იგივე ცვლილება, ოდნავი იურიდიული ნიუანსებით და შემქონდა იმავე საღამოს უკან და ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩააგდეთ იმიტომ, რომ გაჯიუტდით, მაგრამ ეს უფლება მე არაფერში მჭირდება და მართლა სულელი ხომ არ ვარ, რომ მთავრობის დათხოვნის ინიცირება მოვახდინო. ეს სცენარი გვქონდა ჩვენ გამზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ კანონპროექტი ჩავარდებოდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელი გადაწყვეტილებით დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა თუ არ დაშინებულა, არამედ ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია.
ამასთან, სააკაშვილმა უმცირესობის წევრებზე ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დეპუტატის მშობლებს პირდაპირ უთხრეს, "არა მხოლოდ მილიონ დოლარს ვაძლევთ, არამედ 109 ხმა გვაქვს, მაგრამ 110-ე გვჭირდებაო".