"იუნისეფი" მთავრობას მოუწოდებს, ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ბავშვთა საყოველთაო შეღავათი შემოიღოს

გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს, ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ბავშვთა საყოველთაო შეღავათი შემოიღოს. 

ასე გამოეხმაურა "იუნისეფი" აჭარის ტელევიზიით გადაცემულ ფაქტს, რომლის მიხედვით, კვების მწვავე დეფიციტის გამო ერთი წლის გოგიტა აბაშიძე ხელვაჩაურის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

გაეროს ბავშვთა ფონდი წუხილს გამოთქვამს საქართველოში ბავშვებში კვების მძიმე დეფიციტის შედეგად გამოვლენილი გართულებების გამო. "სიღარიბე არის ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს როგორც ზემოთ აღნიშნულ, ასევე სხვა მრავალ შემთხვევას, რომელის დროსაც არ ხდება ბავშვის გადარჩენა და განვითარება. საქართველოში თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით, ორ ლარს. სოციალური დაცვის არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს. გოგიტას ამბავი სამწუხარო დასტურია იმისა, რომ სოციალური დაცვის სისტემა არ არის ეფექტიანი სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად", - აღნიშნულია ფონდის მნიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვითვე, არასაკმარისი კვება ამ ტრაგიკული სიტუაციის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია. "საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევის (2009 წ.) თანახმად, ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, უმეტესად ქალი და ბავშვი, განიცდის კვების დეფიციტს რაიმე ფორმით და, შესაბამისად, ვერ მოახდენს საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას. საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 300–მდე ბავშვი იღუპება ორსულთა ანემიის, დაბადებისას მცირეწონიანობის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიების და არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო", - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

ამასთან, "იუნისეფის" განცხადების მიხედვით, სისტემის კიდევ ერთი ხარვეზია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის არსებითი მომსახურებების ფრაგმენტაცია. არ ხდება სამშობიარო კლინიკიდან გაწერილი ახალშობილის დროული მიმართვა ამბულატორიაში და შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებლები არ იღებენ პასუხისმგებლობას, გააკონტროლონ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს ბავშვის მოვლის სათანადო პრაქტიკის, მათ შორის სრულფასოვანი კვების, შესახებ. ჯანდაცვის სისტემის ამგვარი ხარვეზები არ აძლევს გოგიტას და მის მსგავს ბავშვებს საშუალებას, ისარგებლონ უწყვეტი მომსახურებებით და მიიღონ საჭირო დახმარება სიცოცხლის განმავლობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, "იუნისეფის" რეკომენდაციით, აუცილებელია დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა ბავშვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. "მოსახლეობის ინფორმირება სწორი კვების შესახებ, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, ორსულებისა და ახალგაზრდა დედების დახმარება და კონსულტირება, ქვეყნის მასშტაბით ფქვილის ფორტიფიკაცია და დედების და ბავშვების ვიტამინებითა და მიკროელემენტებით უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინტერვენციები 25 პროცენტით შეამცირებს 10 წლის მანძილზე კვების დეფიციტთან დაკავშირებულ 1,3 მილიარდი აშშ დოლარის დანახარჯს საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის 1000 ბავშვს შეუნარჩუნდება სიცოცხლე ამავე პერიოდის განმავლობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.