პარლამენტმა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გამიჯნა

პარლამენტმა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გამიჯნა

დედაქალაქში დასუფთავების გადასახდის ელექტროენერგიისგან გამიჯვნის თაობაზე დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა საბოლოო - მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონი 90 ხმით ერთის წინააღმდეგ გავიდა.

ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შევიდა.

ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. წესდება დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის - კანონში ჩაიწერა, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

მესამე მოსმენით დამტკიცებულ "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და კანონში ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.
როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას აღინიშნა, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.

კანონი მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.