რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრმა მაგისტრანტებს სამინისტროს მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები არჩევითი იქნება.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭოებზე, რომლებიც 3 500 სოფელში შეიქმნება და მათი ფუნქცია სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეფორმის კონცეფციის საჯარო განხილვა მარტის დასაწყისში დაიწყო.
საჯარო განხილვის პროცესში ჩართული არიან როგორც მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ისე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგნელები. სტუდენტებთან კონცეფციის განხილვა პირველად საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მოხდა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ანალოგიური განხილვები ყველა მსურველ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყობა.