საქართველოს ყველა მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია, იმისათვის, რომ, აასრულოს ქართველი ხალხის ნება - დააბრუნოს საქართველო ევროპულ ოჯახში , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სლოვაკურ გაზეთ "პრავდა"-სთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის რთული ჩავიდეს სლოვაკეთში, ან ევროკავშირისა და ნატო-ს სხვა ქვეყანაში, როგორც იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფრთხილებდა დასავლეთს, რომ გაატარებდა პრომოსკოვურ პოლიტიკას? - მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ აბსოლუტურად არ არის რთული.
"პირიქით, ეს ძალიან მარტივია. უფრო მეტსაც გეტყვით, მე უკვე ვიყავი ნატო-სა და ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ყველგან ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. სააკაშვილი დასავლეთს მთელი გასული წლის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ ჩვენ გავატარებდით პრომოსკოვურ პოლიტიკას. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას სხვა არგუმენტი არ ჰქონდა, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა ჩვენთვის მხარი საქართველოს მოსახლეობას. ის, რომ ეს ტყუილი იყო, ძალიან მალე გამოჩნდა, ქართველმა ხალხმა ეს არ დაიჯერა და ძალიან მკაფიოდ დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
კითხვაზე - როგორ წარმოუდგენია პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, რომელსაც, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად იმეორებს, ოკუპირებული აქვს საქართველოს დიდი ნაწილი, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იმეორებს და ამას იმეორებს ახალი მთავრობაც.
"ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი. დიახ, რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გამოცხადებულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არსებობს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის პოტენციალი. ჩვენ რუსეთს ველაპარაკებით ჟენევის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. გარდა ამისა, გვაქვს გახსნილი ურთიერთობების მეორე არხი, რომელიც ეხება მხოლოდ ისეთ თემებს, როგორიც არის ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები, კულტურა, მეცნიერება, მედიცინა და ა.შ. ჩვენი მიდგომა ასეთია, მიუხედავად ძალიან რთული ვითარებისა, მაინც არსებობს საერთო ინტერესის თემები, რომლებზედაც ლაპარაკი შესაძლებელია და რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სიტუაციის ნორმალიზაციაზე. ჩვენ ვართ რეალისტები და რასაკვირველია, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობები ძალიან მალე ვერ გამოსწორდება და საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია, მალე ვერ გადაიჭრება. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ პატარ-პატარა დადებითმა ნაბიჯებმა შესაძლოა სიტუაცია გამოასწოროს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით კი მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ვერანაირ თარიღს ვერ დაასახელებს.
"ამ ეტაპზე, ჩვენ, ევროკავშირთან ვართ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების სტადიაში. გვაქვს იმედი, რომ ვილნიუსის სამიტისთვის მოვახერხებთ ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის ფინალიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ ახლა მივიღეთ ევროკავშირისგან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის ნაწილის იმპლიმენტაცია უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკით, ხოლო გაწევრიანება არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ რასაკვირველია გვირჩევნია, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ევროკავშირს ეკუთვნის.
იგივეს ვიტყოდი ნატო-სთან მიმართებაში, ნატო-სთან ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა. ამ ფორმატებში ურთიერთობა მიმდინარეობს წარმატებით, გარდა ამისა, საქართველო 1600 კაცით არის წარმოდგენილი ავღანეთში, ეს არის ყველაზე დიდი კონტინგენტი, რომელსაც ნატო-ს სთავაზობს არაწევრი ქვეყანა. ჩვენ 2014 წლის შემდეგაც ვრჩებით ავღანეთში და ვფიქრობთ, რომ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. თუმცა აქაც რასაკვირველია ნაადრევია თარიღებზე ლაპარაკი. აქაც ვიტყოდი იმავეს, რომ ესეც არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატო-ს გადასაწყვეტი საკითხი",-აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, საქართველო არის დასავლეთისთვის პროგნოზირებადი პარტნიორი, რადგან მას ძალიან მკაფიოდ აქვს განსაზღვრული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი.
"საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მათი ტემპი აუცილებლად დადებითად იმოქმედებს საქართველოს დასავლეთში უფრო სწრაფი ინტეგრაციის საქმეში",-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.