თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე კი ბრალდებულებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ. ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული ყოფილი სამხედროების მერაბ კიკაბიძისა და ალექსანდრე გორდაძის განცხადებით, მათ პროკურატურა თავისუფლების სანაცვლოდ ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთავაზობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესზე განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ბაჩო ახალაიას თქმით, მასთან ერთად ბრალდებულები საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დააყენეს.
ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ის მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეფუძნება მის დანაშაულს არ ამტკიცებს, თუმცა გამართლების იმედი მაინც არ აქვს.
"მესმის საზოგადოების მოსაზრება, რომ ახალაია შეიძლება დაიჭირო ნებისმიერ საქმეზე და ისე უბრალოდ იჯდეს ციხეში, მაგრამ ყველა ეს ბრალდება არასერიოზულია," - აღნიშნა ახალაიამ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების ადვოკატებმა შესავალი სიტყვა წარმოსთქვეს.
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით, 2 აპრილს, 11.00 საათზე განახლდება. დაგეგმილ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან.