საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა რუსთავის #5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოსი ეროვნების პატიმრები, დიანა ჯიკაევი და ცირა მგელაძე-გუჩმაზოვი მოინახულა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა დ. ჯიკაევმა და ც. მგელაძემ სახალხო დამცველს მიმართეს, რათა მან ინდივიდუალურად შეისწავლოს მათი საქმეები და დააყენოს მათი საკითხი პატიმართა გაცვლის პროცესში.
შეხვედრისას მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს გააცნეს საკუთარი საქმის მასალები და ის პრობლემები, რაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლების აღკვეთის გამო შეექმნათ.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დიანა ჯიკაევისა და ცირა მგელაძის (გუჩმაზოვი) საქმეების დეტალური შესწავლა, საქმის განსაჯაროება და პატიმართა გაცვლის პროცესში მათი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხის განხილვა.
"დ. ჯიკაევის განცხადებით, ის არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, 2007 წელს უშიშროების სამსახურმა ის იძულებით გადმოიყვანა დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთაში, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში დირექტორის თანაშემწედ. დ.ჯიკაევი 2012 წლის 8 თებერვალს დააკავეს.
დ. ჯიკაევის თქმით, უშიშროების და სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, იძულებით წააკითხეს აღიარებითი ჩვენება, წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). საქმე დახურულ სხდომაზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა და ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.
დ. ჯიკაევი აცხადებს, რომ არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონია არც დამნაშავეთა სამყაროსთან და არც ერთი ორგანიზაციისათვის არანაირი დახმარება არ გაუწევია და არც არანაირი ინფორმაცია არ გაუცია. "აღიარების მოპოვება მხოლოდ ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მეშვეობით განხორციელდა, არ მისცეს ადვოკატის აყვანის და სატელეფონი ზარის განხორციელების საშუალება. ამჟამად უჩივის ჯანმრთელობას და სურს ცხინვალში დაბრუნება. იმდენი სირთულე გადავიტანე აქ, აღარ მსურს აქ დარჩენა ", - აცხადებს ის.
რაც შეეხება მსჯავრდებული ცირა მგელაძე-გუჩმაზოვს, ის სასჯელს იხდის 2011 წლის 20 მაისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).
ც. მგელაძის განცხადებით, აღნიშნული განაჩენი არის უკანონო, მასში მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და დამყარებულია არ არსებულ მტკიცებულებებზე.
ც. მგელაძის განცხადებით, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა (2000 წელი), ის 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა საცხოვრებლად ცხინვალში მშობლებთან. პერიოდულად, 5-6 თვეში ერთხელ, ჩადიოდა ხარაგაულში შვილების პენსიის ასაღებად და მეუღლის საფლავის მოსავლელად. მისი განცხადებით, დაკავების დროს ის ბრუნდებოდა ხარაგაულიდან და ქარელის გადასახვევთან ელოდებოდა ტრანსპორტს საზღვრამდე მისასვლელად, გაჩერდა პოლიციის მანქანა, გადმოცვიდნენ ვიღაც მამაკაცები, ჩამოაცვეს თავზე ტომარა და მანქანაში ჩასვეს, კარგა ხნის სიარულის შემდეგ კი სადღაც შენობაში მიიყვანეს. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, მხოლოდ შემდეგ გაიგო, რომ იმყოფებოდა თბილისში ე.წ. "მოდულის" შენობაში. მისი თქმით, მას ბრალად ედებოდა თბილისში სურათების გადაღება და შემდეგ რუსის ჯარისათვის ამ ფოტოების მიწოდება. ც. მგელაძის განცხადებით, თბილისში პირველად მაშინ აღმოჩნდა, როცა დააკავეს.
ც. მგელაძე ითხოვს დახმარებას ცხინვალში დასაბრუნებლად, რადგან მისი შვილები ამჟამად ავადმყოფ ბებიასთან ერთად ცხოვრობენ და თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაფერი იცოდა მათ შესახებ. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობაც არ მისცეს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წ 29 ივლისის განაჩენით(მოსამართლე ლელა ნოზაძე) მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.