თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მასთან მიმართებაში სასამართლოს პოზიციას გამაოგნებლად მიიჩნევს. როგორც ახალაიამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად იმყოფება პატიმრობაში ოთხი თვის განმავლობაში".
"არც პროკურორი და არც გამომძიებელი ჩემთან არ მოსულან. კითხვაც კი არ დაუსვამთ წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. იქნებ ვაღიარებ? იქნებ რა ინფორმაციას ვაწვდი ბრალდებას, რომ ცვლის თვითონ საქმის მდგომარეობას და ვითარებას. ხომ უნდა მკითხოვს ვინმემ? არავინ არაფერს მეკითხება. მოდიან აქ და რაღაც თეატრალურ წარმოდგენებს დგამენ", - განაცხადა ახალაიამ პროცესის მიმდინარეობისას.
ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ თქვა ბრალდების მხარემ უარი ნაფიცი მსაჯულების პირობებში გასამართლებაზე.
"რაღაც ცირკი დაიდგა - ბრალდებას სურდა, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ ეს საქმე და ბრალდებულებს თითქოს სრულიად უკუღმართად აღმოაჩნდათ ამაზე უარი. თუ თქვენ ყოველ კვირაში ერთხელ გამოაქვეყნებთ ისეთ ჩვენებას, როგორიც გაგა მკურნალიძის იყოს, და სხვა მსგავს ჩვენებებს, რომელ ნაფიც მსაჯულებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? არავითარ შემთხვევაში!, - მიმართა ახალაიამ პროკურორებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - ზურამ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებულები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
სისხლის სამართლის საქმეში ორი ეპიზოდია გაერთიანებული. ერთ-ერთი მათგანი ზვიად აბესაძის უკანონო თავისუფლების აღკვეთაა, მეორე კი - ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.