პრემიერის მხრიდან პარაშუტებსა და მფრინავ თეფშებზე საუბარი ძალიან უცნაურია, - ამის შესახებ შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც დარჩენილი ორი კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრემიერ-მინისტრს ისეთივე კონსტრუქციული ტონი და მიდგომა უნდა ჰქონდეს, როგორც უმცირესობას.
"ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აგრესიული გამოსვლები ზოგიერთი საპარლამენტო ლიდერის მხრიდან. ჩვენ ასეთ განცხადებებს და აგრესიას გავწევთ გვერდზე, რომ გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, უმრავლესობამ უმცირესობას პარაშუტები მისცა, "რითაც "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან დაეშვა.
"მე ვურჩიე დავით უსუფაშვილს და მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდა, ჩვენ მათ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი სითბო და მხარდაჭერა მიეცათ საზოგადოებისთვის. პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" დასკვნებს გააკეთებს და მეტ ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას. ყოველგვარი ახირების გარეშე შეიძლება მიიღონ მეტი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რათა წინ წავწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.