დღეს, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზად არიან. ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ორივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
ახალი სამშვიდობო კონტინგენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს I და II ქვეითი ბრიგადების მე-12 და 23-ე ბატალიონებს. ქართველი სამშვიდობოები საერთაშორისო მისიას ჰელმანდის პროვინციაში ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ.
საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ და მზადყოფნას გამოხატავენ ითანამშრომლონ ნატო-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარებთან.