პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობამ "უარესი არჩევანი" გააკეთა.
"გუშინ ჩვენ საქმე გვქონდა იმ რეალობასთან, როცა ცუდსა და უარესს შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. ჩემი აზრით, გაკეთდა უარესი არჩევანი, რადგან ფაქტობრივად, ჩვენ კენჭი ვუყარეთ არა იმდენად საკონსტიტუციო ცვლილებებს, რამდენადაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" მეორე სიცოცხლის მიცემის შანს – მისი რეინკარნაციის შანს. ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" ასე დაჟინებით ითხოვდა ცვლილებების სარეიტინგო კენჭისყრაზე გატანას და თქვა კიდეც პრეზიდენტმა, რომ მისი პარტია ხელახლა დაიბადა და ეს გუნდის გაერთიანებას შეუწყობს ხელსო. სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ერთის მხრივ, შიდარესურსები მორალურად გაემხნევებინა და გაეერთიანებინა და მეორეს მხრივ, დასავლეთს დაენახა - "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცოცხალია, კვლავ ანგარიშვალდებულია და კიდევ შეიძლება მასზე ფსონი დაიდოს", - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას მძიმე შედეგები არ მოჰყვებოდა.
"სააკაშვილი ვერ გაბედავდა მთავრობის დათხოვნას, რადგან მან ძალიან კარგად იცის საკუთარი საზოგადოების განწყობა და მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. გარდა ამისა, ის ვერ წავიდოდა საკუთარი გუნდის წინააღმდეგაც, რაც გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდოდა და პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებდა, ის ვეღარ დაინახავდა თავის ადგილს პრეზიდენტის გუნდში. როცა ამას აცხადებს დავით ბაქარძე, ყოველთვის გაწონასწორებული და ლოიალური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესა არამარტო ბაქრაძის, არამედ უმცირესობის საკმაოდ სოლიდური ნაწილის პოზიცია. გარდა ამისა, ეს გამოიწვევდა საპროტესტო ტალღის სერიოზულ მობილიზებას "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, რაც მის პოზიციებს პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მინიმუმამდე შეამცირებდა. ასე რომ, წესით, ეს უნდა დაენახა უმრავლესობას და არ ღირდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" კიდევ ერთი შანსის მიცემა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე ინიცირებული საკონსტიტუციო ინიციატივა 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით გავიდა. მას მხარი უმცირესობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.
მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.