თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი სასამართლო განხილვა დღეს 12:00 საათზე განახლდება.
18 მარტს გამართული პროცესის რამდენიმე დღით გადადების შუამდგომლობით მოსამართლე გიორგი დარახველიძეს ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს. მათ მოითხოვეს, რომ დაცვის მხარეს შესავალი სიტყვისთვის რამდენიმე დღე განესაზღვროს, რათა სიტყვის ჩამოყალიბება ბრალდებულთან ერთად შეძლონ.
ბრალდებულების ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სწორედ შესავალ სიტყვას წარმოადგენენ.
18 მარტს გამართულ პროცესზე პროკურორებმა შესავალი სიტყვა უკვე წარმოთქვეს.
წინა პროცესზე დაცვის მხარემ ასევე დააყენა შუამდგომლობა, რომ პროკურატურამ აცნობოს მათ - არსებითი განხილვისას პირველად რომელი ეპიზოდის განხილვა მოხდება. ამაზე პროკურატურის პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - ზურამ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებულები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
სისხლის სამართლის საქმეში ორი ეპიზოდია გაერთიანებული. ერთ-ერთი მათგანი ზვიად აბესაძის უკანონო თავისუფლების აღკვეთაა, მეორე კი - ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.