პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან რაციონალურ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
"ის, რაც მოხდა, იყო ლოგიკური. ჩვენ გვყავს ოპოზიციაში პოლიტიკური ძალა, რომელიც ახირებებით ხელმძღვანელობს თავის გუნდს მთელი კარიერის განმავლობაში. ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ვართ ხელისუფლებაში და შედეგი ვაჩვენოთ ხალხს. შედეგი მიღწეულია. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან რაციონალურ მოსაზრებებზე დაფუძნებული, შედეგზე ორიენტირებული და ეს კარგია და მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა გუშინ ხიდაშელმა.
პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.