დღეს ახალი "ნაციონალური მოძრაობა" დაიბადა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა .
როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა და მთელი ეს პროცესი ისე იყო ჩაფიქრებული, რომ უნდა დაენგრიათ საკონსტიტუციო ბარიერი, სრულიად უკანონოდ, რადგან ამომრჩევლის მანდატი პირველ ოქტომბერს მათ ამაზე არ მიუღიათ, ამასთან, მათ უნდოდათ საქართველოში ოპოზიციური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება და მოსპობა.
"დღეს დაიბადა ახალი "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც იბრძოლა ბოლომდე და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე", - აღნიშნა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ძლიერი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია.
"მე ვუყურებდი ტელევიზორს, დღეს იყო უბადრუკი და იაფფასიანი მცდელობები ჩემსა და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წევრს შორის იქნებ რამე შუღლი დაეთესათ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მეც ვარ მათი ერთ-ერთი წევრი და ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ შიგნით გაგვთიშონ, დამთავრდა სრული კრახით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.